ka | en
Company Slogan TODO

საქართველოში გავრცელებული Seike navel-ის ჯიშის ფორთოხლის კანიდან ფლავონოიდური ექსტრაქტის მიღება და მისი ზოგიერთი თვისების შესწავლა

ავტორი: ნიკა ათანელოვი
თანაავტორები: ნანა კოშორიძე, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი კუპრავა, ნინო არუთინაშვილი
საკვანძო სიტყვები: ფლავონოიდები, ფსიქო-ემოციური სტრესი, ანტიოქსიდანტური სისტემა, ენერგეტიკული მეტაბოლიზმი
ანოტაცია:

სტრესი თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც განაპირობებს ადაპტაციური ხასიათის ქცევით და ასევე სხვადასხვა ტიპის ფიზიოლოგიურ პასუხებს ბიოლოგიური სისტემის ჰომეოსტაზის აღდგენის მიზნით. ცნობილია, რომ სტრესის ფონზე მიმდინარე პროცესების საფუძველს უჯრედში მიმდინარე ბიოქიმიური ცვლილება წარმოადგენს, რაც აისახება ორგანიზმის ჰორმონალური სტატუსისა და სასიგნალო მოლეკულების რაოდენობრივი ცვლილებებით, ენერგეტიკული მეტაბოლიზმის რღვევით, ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სტატუსის დაქვეითებით, ფერმენტების აქტივობის შემცირებით, ტრანსკრიფციული და ტრანსლაციური პროცესების ინტენსივობის ცვლილებებითა და სხვა მნიშვნელოვანი პროცესებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში სხვადასხვა ტიპის პათოლოგიების ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოება ორიენტირებულია ისეთი ნივთიერებების მოძიებაზე, რომლებთაც შესწევთ უნარი, მოახდინონ სტრესული პროცესების პრევენცია. ამ მიმართულებით, ჩვენი ყურადღება მიიპყრო ფლავონოიდებმა, რომლებსაც გააჩნიათ მკაფიოდ გამოხატული და ლიტერატურულად დადასტურებული ანტიოქსიდანტური თვისებები. სამუშაოს მიზანი. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა ფლავონოიდების პროტექტორული გავლენა სოციალური იზოლაციითა და დღე-ღამური ციკლის ხანგრძლივი დარღვევით გამოწვეული ფსიქო-ემოციური სტრესის შედეგად განვითარებულ ცვლილებებზე თეთრი ვირთაგვას სისხლა და გულის კუნთის უჯრედებში. ფლავონოიდების გამოსაყოფად საქართველოში გავრცელებული სეიკე ნაველის ჯიშის ფორთოხლის (Sinensis (L). Osbeck N26, Seike Navel ) კანიდან გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ექსტრაქციით წყალში ხსნადი პოლიფენოლური ფრაქციის მიღების მეთოდი. ნანახია, რომ შედეგად მიღებული ფლავონოდიების შემცველი ფრაქციის (GOF) ვირთაგვას ორგანიზმში 7.5 მგ/კგ რაოდენობით ყოველდღიურმა შეყვანამ 30 დღის განმავლობაში, გააუმჯობესა ფსიქო-ემოციური სტრესის შედეგად გაუარსებეული ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მახასიათებლები გულის კუნთის უჯრედებსა და სისხლში. აღსანიშნავია, რომ სტრესის პირობებში GOF–ის შეყვანა დადებითად მოქმედებს ანტიოქსიდანტური სისტემის ზოგიერთი ფერმენტის (SOD, კატალაზა) აქტივობაზე, ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროცესებზე და სისხლის ლიპიდური სპექტრის რაოდენობრივ მაჩვენებლების ცვლილებაზე. ამის პარალელურად აღინიშნება Ca2+-ის იონებისა და აზოტის მონოოქსიდის რაოდენობების ნორმალიზაცია. თვალსაჩინო იყო GOF-ის მაკორექტირებელი გავლენა ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში ჩართული ზოგიერთი ფერმენტის (სუქცინატდეჰიდროგენაზა, კრეატინკინაზა) აქტივობასთან მიმართებაშიც. შესწავლილი პარამეტრები შედარებული იქნა ასევე ფორთოხლის კანიდან გამოყოფილი ისეთი ფლავონოიდის ეფექტთან, როგორიცაა ნობილეტინი. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი პარამეტრის შესწავლისას GOF-ი ხასიათდებოდა უკეთესი მონაცემებით ნობილეტინთან შედარებით.


მიმაგრებული ფაილები:

Bachelor's thesis_Atanelov [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com