ka | en
Company Slogan TODO

დავით-გარეჯის მონასტრის მიდამოების ფლორა და მცენარეულობის მრავალფეროვნება და კონსერვაცია

ავტორი: ანა ქვლივიძე
საკვანძო სიტყვები: დავით გარეჯი, მრავალფეროვნება, ფლორა, კონსერვაცია
ანოტაცია:

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უძველეს რელიგიურ-კულტურულ ცენტრს და მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან დავით გარეჯი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო ღირსშესანიშნაობების სიაში. აღნიშნული თემის აქტუალობა გამომდინარეობს დავით-გარეჯის კულტურული და ბოტანიკური ღირებულებიდან. ვინაიდან წელიწადის ნებისმიერ დროს დავით გარეჯს ათასობით ტურისტი სტუმრობს, მისი მიდამოები დაქსელილია ე.წ. ტურისტული ბილიკებით, რაც იწვევს მცენარეთა ეკოტოპების ფრაგმენტაციას და შესაბამისად, ფიტოგენოფონდის და მათ შორის ტუბერ-ბოლქვიანი მცენარეების პოპულაციების ე.წ ეფემეროიდების შემცირებას. ამასთანავე აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს საზამთრო საძოვარს, რის გამოც ხდება უროიანი და ვაციწვერიანი მდელოების ჭარბი ძოვება, მცენარეული საფარის მოსპობა და შემდგომში მისი დაჭაობება, რაც იწვევს ტერიტორიის ე.წ. ჰალოფიტებით დასახლებას. გარეჯის მონასტრის მიდამოებში ჰალოფიტებიდან აღსანიშნავია გვარები: Petrosimonia, Suaeda და სხვ. კულტურული ღირებულების გარდა, გარეჯის მიდამოები ყურადღებას იქცევს ჰაბიტატებისა და მცენარეულობის მრავალფეროვნებით. აქ წარმოდგენილია სტეპები, ნახევარუდაბნოები, ჰალოფილური მცენარეულობა, უროიანი გასტეპებული ველები, შიბლიაკის ფრაგმენტები და სხვა. გარეჯის ტიპიურ და ძირეულ მცენარეულობად უნდა ჩაითვალოს ვაციწვერიანი, ნაირმარცვლოვანი და ნაირბალახოვანი ველები. ვაციწვერიანი ველების ძირიადი შემქმნელია Stipa tirsa Stev.[=S. stenophylla Czern] და Stipa pennata L. [=S. joanis Celak]. ვაციწვერიან-ნაირბალახოვან ველებს უმთავრესად ქმნის Stipa tirsa Stev., და სხვა. მარცვლოვნებიდან უნდა აღინიშნოს Bothriochloa ischaemum (L.) Keng [=Andropogon ischaemum L.], Festuca sulcata (Hack.) Nym. p.p. [=F. valesiaca Gaudin; F. rupicola Heuff.], Koeleria cristata (L.) Pers. [=Aira cristata L.; Koeleria gracilis Pers.; K. macrantha (Ledeb.) Schult.], ნაირბალახოვანებიდან კი Medicago polychroa Grossh. [=M. glutinosa Bieb. subsp. polychroa (Grossh.) Sinsk.], Galium verum L. და სხვა. გარეჯის მიდამოებში უშუალოდ გვხვდება დენდროფლორის ერთეული წარმომადგენლები, კერძოდ: აკაკის ხის 2 სახეობა - Celtis caucasica Willd. [=Celtis austrlis subsp. caucasica (Willd.) C. C. Towns.] და Celtis glabrata Stev. ex Planch.; გარეული მსხლის 2 სახეობა - Pyrus salicifolia Pall. და Pyrus georgica Kuthatheladze; ნუში - Amygdalus georgica Desf.; Spiraea hipericifolia L.; ასევე, Colutea orientalis Mill., Morus alba L., Morus nigra L., ასკილი - Rosa pimpinellifolia L. (R. spinosissima L.). გარეჯის მიდამოებში ვხვდებით ისეთ მნიშვნელოვან ტუბერ-ბოლქვიან და ფესურიან მცენარეებს, როგორებიცაა, Bellevalia speciosa Woronow, Crocus adamii J. Gay (C. biflorus Mill.), Iris iberica Hoffm., Iris aphylla L. (I. furcata M.Bieb.), Iris reticulata M.Bieb. [Iridodictyum reticulatum (Bieb.) Rodionenko], Iris caucasica Hoffm. [Juno caucasica (Hoffm.) Klatt], Muscari szovitsianum Baker (M. neglectum sensu Losinsk.) და Gagea chanae Grossh. აქ იზრდება აგრეთვე საქართველო-აზერბაიჯანის ენდემი გარეჯის სალბი - Salvia gareji Troitzk., რომლის კლასიკური ადგილი აღნიშნული ტერიტორიაა. როგორც ავღნიშნეთ, აბიოტური თუ ბიოტური ფაქტორების გავლენით ცალკეულ ჰაბიტატებისა და რიგ შემთხვევაში, მთლიანი ეკოსისტემების ფართობები სულ უფრო და უფრო მცირდება, ამის გამო, მრავალ სახეობას გადაშენების საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ, სახეობათა მრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მოხდეს გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტუბერ-ბოლქვიანი და ფესურიანი მცენარეების ზოგიერთი ადგილის შემოღობვა ანუ in situ და ასევე ex situ კონსერვაცია. ex situ კონსერვაციისთვის საუკეთესო ბაზას წარმოადგენს თბილისის ბოტანიკური ბაღის კონსერვაციის განყოფილების ნაკვეთი, სადაც გაშენდება აღნიშნული მცენარეთა კოლექციები და მოხდება მათ ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება და ფენოლოგიის მონიტორინგი.


მიმაგრებული ფაილები:

დავით-გარეჯის მონასტრის მიდამოების ფლორა და მცენარეულობის მრავალფეროვნება და კონსერვაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com