ავტორიზაცია
წაბლის კიბოს გამომწვევი ფიტოპათოგენური სოკოს Cryphonectria Parasitica-ის (Murrill) ანტაგონისტი მიკროსკოპული სოკოების შესწავლა საჩხერის რაიონში.
ავტორი: ქეთევან ბენაშვილისაკვანძო სიტყვები: წაბლის კიბო, ანტაგონისტი მიკრომიცეტები, ვეგეტატიური თავსებადობა.
ანოტაცია:
XX საუკუნეში ევროპიდან შემოსულმა კრიფონეკროზის ეპიდემიამ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოში გავრცელებული წაბლის (Castanea sativa Mill.) კორომები. პრობლემა მსოფლიო მასშტაბის არის. მთავარი ძალისხმევა მიმართულია დაავადების ბიოლოგიური კონტროლისაკენ. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმერეთის რაიონის (სოფლების: დარყა, ეთო, ჭალა) დაავადებული წაბლნარებიდან დაავადების გამომწვევი ფიტოპათოგენური სოკოს C. patasitica (Murr.) Barr ვირულენტური შტამების გამოყოფა და მათ მიმართ ეფექტური ანტაგონისტური მოქმედების მიკრომიცეტების გამოვლენა. კვლევის ობიექტს წარმოადგენდნენ დაავადებული ხეების ქერქიდან გამოყოფილი C. patasitica-ს შტამები და მიმდებარე ნიადაგებიდან გამოყოფილი მიკრომიცეტების კულტურები. გამოყოფილი C. patasitica-ს შტამები ასევე შესწავლილ იქნა ვეგეტატიური თავსებადობის კუთხით. დაავადებული ხეების მიმდებარე ნიადაგებიდან გამოყოფილი, გასუფთავებული და გვარამდე იდენტიფიცირებულია 50 მიკროსკოპული სოკო. ყოველი მათგანისათვის შესწავლილ იქნა C. patasitica-ს მიმართ ანტაგონისტური მოქმედება, შექმნილია კოლექციები. ჩვენს მიერ სხვადასხვა ლოკაციებიდან გამოყოფილი C. patasitica-ს შტამები ერთმანეთთან ვეგეტატიურად თავსებადნი არ აღმოჩდნენ, რაც ადასტურებს საქართველოში C. patasitica-ს მაღალი გენოტიპური მრავალფეროვნებისა და ვეგეტატიური თავსებადობის დაბალი სიხშირეს. ჩვენს მიერ ნიადაგებიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია 15 გვარის მიკროსკოპული სოკო. შეხვედრის სიხშირის მიხედვით ნიადაგებიდან გამოყოფილ მიკრომიცეტებს შორის გამოვლინდა დომინანტი გვარები. ჩვენს მიერ მიღებული მონაცემები დაემთხვა ლიტერატურულ მონაცემებს, რომ ტყის ყომრალ ნიადაგებში დომინირებს Aspergillus-ისა და Penicillium-ის გვარები; მეორე რიგის დომინანტს წარმოადგენენ გვარები Mucor, Fusarium და Trichoderma. დანარჩენი გვარები შედარებით მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ანტაგონისტური მოქმედებით გამოირჩევიან გვარები: Penicillium, Trichoderma და განსაკუთრებით, Aspergillus. უკანასკნელის ანტაგონისტური ეფექტი ჩვენს მიერ პირველად არის დაფიქსირებული. Aspergillus -ის გვარის ორი სახეობა A. niger და A. flavus სრულიად თრგუნავდა C. parasitica-ს ვირულენტული შტამების ზრდა-განვითარებას მიუხედავად წარმოშობის ადგილისა. ჩატარებულ ექსპერიმენტს, თეორიულის გარდა, გააჩნია პრაქტიკული ღირებულებაც: ტყის ეკოსისტემებიდან გამოყოფილი C. parasitica-ს ანტაგონისტი მიკროსკოპული სოკოების კოლექცია შეიძლება განხილულ იქნას, როგორც წაბლის კიბოს ეპიდემიის მართვისა და ლოკალიზაციის მატერიალური საფუძველი, რადგან ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი მიკოფლორიდან გამოყოფილი ანტაგონისტური მოქმედების ცალკეული მიკროსკოპული სოკოს შტამის ან მათი კონსორციუმის საფუძველზე შესაძლებელი გახდება ანტინეკროზული ბიოპრეპარატის შექმნა და მისი in situ გამოცდა.