ka | en
Company Slogan TODO

სხვადასხვა კლინიკური მასალიდან გამოყოფილი Klebsiella-ს ბაქტერიული შტამების ანტიბიოტიკორეზისტენტობისა და ბეტა-ლაქტამაზური აქტივობის შესწავლა

ავტორი: თათა ნინიძე
საკვანძო სიტყვები: ბეტა-ლაქტამაზები, კლებსიელა, ანტიბიოტიკორეზისტენტობა
ანოტაცია:

ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამების გავრცელება და მათთან ბრძოლა მთელი მსოფლიოსთვის აქტუალური პრობლემაა. Klebsiella-სგვარის ბაქტერიები ერთ-ერთ წამყვან პათოგენებს წარმოადგენენ ნოზოკომიური ინფექციების განვითარებაში და ასოცირდებიან ისეთ დაავადებებთან როგორებიცაა: პნევმონია, შარდ-სასქესო გზების ინფექციები, ბაქტერიული მენინგიტი და სხვა. Klebsiella-ს სახეობები ავლენენ მრავლობით რეზისტენტობას ბოლო თაობის ანტიბიოტიკების მიმართ, რაც ინფექციური დაავადებების მკურნალობას ართულებს. ევოლუციის პროცესში დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ჩამოუყალიბდათ ანტიბიოტიკებისგან თავის დაცვის სხვადასხვა მექანიზმი. თავდაცვის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა მიკროორგანიზმის მიერ ისეთი ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც იწვევენ ანტიბიოტიკების ინაქტივაციას. გრამ-უარყოფით მიკროორგანიზმებში, მათ შორის Klebsiella-ს სახეობის შტამებში, ყველაზე გავრცელებულ თავდაცვით ფერმენტებს წარმოადგენენ ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამაზები (ESBLs), რომლებიც ახდენენ ანტიბიოტიკის სტრუქტურაში შემავალი ამინური ბმების ჰიდროლიზს, მის ინაქტივაციას და მიკრობთა რეზისტენტობის ჩამოყალიბებას ანტიბიოტიკების მიმართ. ამასთან, რაც უფრო ხშირია ანტიბიოტიკების გამოყენება პათოგენის წინააღმდეგ, მით უფრო იზრდება მათ მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზების ჰიდროლიზური აქტივობა და სწრაფად ხდება რეზისტენტული მუტანტების წარმოქმნა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფექციურ დაავადებათა გამომწვევი ანტიბიოტიკორეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი წინაპირობაა მონაცემთა აღრიცხვა და რეზისტენტობის განმაპირობებელი ფაქტორების გამოვლენა. ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევის მიზანს წარომოადგენდა სხვადასხვა კლინიკური მასალიდან გამოყოფილი Klebsiella-ს შტამების ანტიბიოტიკომგრძნობელობის და ბეტა-ლაქტამაზური აქტივობის შესწავლა. მათი გენოტიპირება და მრავლობითრეზისტენტულ შტამებში პლაზმიდშემცველობის გამოვლენა. ამ მიზნის მისაღწევად შევისწავლეთ ქართველი და უცხოელი პაციენტების, სხვადასხვა კლინიკური მასალიდან გამოყოფილი Klebsiella-ს 74 ბაქტერიული შტამის ანტიბიოტიკომგრძნობელობა და ბეტა-ლაქტამაზური აქტივობა დისკ-დიფუზური მეთოდით, მოვახდინეთ მრავლობით ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამების გენოტიპირება PFGE-ს გამოყენებით და შევისწავლეთ აღნიშნული შტამების პლაზმიდური ფონი. მიღებული შედეგების თანახმად, Klebsiella-ს 74-მა ბაქტერიულმა შტამმა გამოავლინა 100%-მდე რეზისტენტობა კვლევაში გამოყენებული 5 ჯგუფის ანტიბიოტიკის მიმართ. ესენია: ბეტა-ლაქტამები, ლინკოზამიდი, მაკროლიდი, პოლიპეპტიდი, რიფამპიცინი. შტამების 19% რეზისტენტული აღმოჩნდა ქლორამფენიკოლის მიმართ, ასევე რეზისტენტობის სხვადასვა პროცენტი გამოვლინდა ციპროფლოქსაცინის (34%), ტეტრაციკლინების (31%) და ამინოგლიკოზიდების (49%) მიმართ. Klebsiella-ს შტამების უმრავლესობაში დადასტურებულ იქნა ბეტა-ლაქტამაზების სინთეზი. გამოვლინდა გენეტიკური მრავალფეროვნება როგორც გვარის ასევე სახეობის დონეზე. კვლევის შედეგები შეავსებს მონაცემებს ანტიბიოტიკორეზისტენტული და ბეტა-ლაქტამაზა მაპროდუცირებელი Klebsiella-ს ბაქტერიული შტამების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათ წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიების შემუშავებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com