ავტორიზაცია
Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელება და ანტიბიოტიკორეზისტენტული ფორმების გამოვლენა 1-6 წლამდე ასაკის ბავშვთა პოპულაციაში
ავტორი: ანა ყვავაძესაკვანძო სიტყვები: სტრეპტოკოკი, ანტიბიოტიკი, რეზისტენტობა, მგრძნობელობა
ანოტაცია:
ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც გადალახა ყოველგვარი საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და მიიღო პანდემიის სახე. სწორი, რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ინტერვენციაა ინფექციების სამკურნალოდ და მეორეს მხივ მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან ბრძოლაში. ჯანმოს ევროპის რეგიონის წევრი 29 ქვეყნიდან სავარაუდოდ 25000 ადამიანიყოველწლიურად ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან დაკავშირებული ინფექციების შედეგაგ იღუპება. თუმცა, ეს მონაცემები პრობლემას სრულად ვერ ასახავს, რადგან რეზისტენტული ბაქტერიების შედეგად გამოწვეული გართულებების რეგისტრაცია ჯანდაცვის სისტემების უმეტესობაში, მათ შორის საქართველოშიც არასრულადაა დოკუმენტირებული. აღსანიშნავია, რომ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით გამოწვეულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია streptococcus pyogenes-ით გამოწვეულ ინფექციებს. განსაკუთრებით ხშირია ამ პათოგენით ავადობა ბავშვებში. საქართველოში პედიატრთა უმრავლესობა ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ მხოლოდ ემპირიულ ანტიბიოტიკოთერაპიას იყენებს და უგულველყოფს ანტიბიოტიკების დანიშვნის წინ მის მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრას, რაც ხშირად უშედეგო მკურნალობასა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამების ფორმირებას იწვევს. კვლევის მიზანს წარმოადგენს streptococcus pyogenes-ის შტამების გავრცელების შესწავლა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის დადგენა. მოცემული მიზნის მისაღწევად ჩვენ ვვარაუდობთ, დაახლოებით 500-მდე ბავშვის ცხვირ-ხახიდან აღებული ნაცხების შესწავლას. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, აღნიშნულ კვლევას აქვს როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ცნობილია, რომ თითქმის არცერთ კლინიკას არ გააჩნია მონაცემთა ბაზა გამოყენებული ანტიბიოტიკებისა და ნოზოკომიურ ინფექციათა გამომწვევ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ. ასევე, არ არსებობს ინფორმაცია საქართველოში მოცირკულირე რეზისტენტული S. pyogenes-ისშტამების შესახებ. შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კვლევების წარმოება, რადგან მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზეა შესაძლებელი ბავშვებში Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ინფექციების პრევენციული თუ თერაპიული საშუალებების სწორი შერჩევა/შემუშავება-იქნება ეს ანტიბიოტიკოთერაპია, ვაქცინაცია, თუ ბაქტერიოფაგური თერაპია.