ka | en
Company Slogan TODO

საქართველოს ატმოსფერულ ნალექებში მძიმე და კვალური ელემენტების შესწავლა ხავსების ბიომონიტორინგის საშუალებით

ავტორი: ომარი ჩალიგავა
საკვანძო სიტყვები: მძიმე და კვალური ელემენტები, ატმოსფერული ნალექები, ბიომონიტორინგი, ხავსები, ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზი, ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრია
ანოტაცია:

დღესდღეობით ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას მთელ მსოფლიოში, რომელიც გამოწვეულია ანთროპოგენული საქმიანობით და მჭიდრო კავშირშია როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობასთან, ასევე ეკონომიკასა და ადამიანის ჯანმრთელობასთან. მძიმე და კვალური ელემენტების კონცენტრაცია ატმოსფეროში გაცილებით დაბალია, ვიდრე მწვავე ეფექტის წარმოსაქმნელად საჭირო კონცენტრაცია, ამიტომ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ჰაერში მძიმე მეტალების ხანგრძლივი ექსპოზიცია, დაბალი კონცენტრაციებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს დიდ ქალაქებში არის საგანგაშო (WHO, 2016). უნდა აღინიშნოს რომ ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, ჭიათურასა და ბათუმში, დამაბინძურებელ ნივთიერებათა კონცენტრაცია კი ხშირად აჭარბებს კანონით დასაშვებ ნორმებს (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2018). სამწუხაროა ისიც, რომ ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მონიტორინგის ძვირადღირებულობის გამო ინფორმაციის ნაკლებობაა. ხავსების საშუალებით ბიომონიტორინგის მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი იაფია და ფართო ტერიტორიების შესწავლის შესაძლებლობას იძლევა, რაც ზრდის შეფასების სანდოობასა და სიზუსტეს. ეპიფიტი მცენარეების გამოყენება პასიურ ბიომონიტორინგში არის ატმოსფერული დაბინძურების განსაზღვრის აღიარებული მეთოდი. სკანდინავიაში ხავსი ბიომონიტორებს მძიმე მეტალებით დაბინძურების განსასაზღვრელად იყენებდნენ 1960-იანი წლებიდან. მას შემდეგ მრავალი კვლევა იყო ჩატარებული ხავსების გამოყენებით; მეთოდი სისტემატურად იხვეწება და გამოყენებულ იქნა ევროპის ფართომაშტაბიან კვლევებში. 2001 წლიდან ევროპის ბიომონიტორინგის პროგრამის კორდინირება ხდება UNECE ICP-Vegetation-ის მიერ „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ (LRTAP Convention) კონვენციის ფარგლებში. მოგვიანებით 2014 წელს ხავსების კვლევის კორდინაციის ცენტრი გახდა ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, ასოც. პროფ. მარინა ფრონტასიევას ხელმძღვანელობით. 2014 წელს ასოც. პროფ. შამილ შეთეკაურის ხელმძღვანელობით და ასოც. პროფ. მარინა ფრონტასიევასა და მისი გუნდის მხარდაჭერით, ბიომონიტორინგის მეთოდის შესაძლებლობები საქართველოს გეოფიზიკური პირობებისთვის წინასწარ შესწავლილ იქნა ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზის გამოყენებით (Shetekauri S., 2015). ამჟამინდელი კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეგროვებულ ხავსებში მძიმე და კვალური ელემენტების დონის განსაზღვრა; იმ არეალების იდენტიფიცირება სადაც მაღალია მათი დეპონირების ხარისხი და მონაცემების შედარება ევროპის ქვეყნებთან. ყოველივე ამის განსახორციელებლად საქართველოში შეგროვებული ხავსების ანალიზი შესრულდა ეპითერმული ნეიტრონული აქტივაციური ანალიზისა და ატმური აბსორბციული სპექტრომეტრიის გამოყენებით. მონაცემები სტატისტიკურად დამუშავდა და მათი ვიზუალიზაცია GIS ტექნოლოგიების გამოყენებით შესრულდა. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტისა AR / 198 / 9-240 / 14 (28.04.2015-28.04.2017) და ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის ბრძანების #18 15.01.2016 ფარგლებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com