ka | en
Company Slogan TODO

დიზის სერიის ბათური ინტრუზივების პეტროლოგია

ავტორი: ირაკლი ჯავახიშვილი
საკვანძო სიტყვები: სვანეთი, გეოლოგია, დიზის სერია, მაგმატიტები, პიროქსენიტები, გაბრო, დიორიტი, სიენიტი, გრანიტი
ანოტაცია:

დევონურ-ტრიასული ასაკის დიზის სერია მდებარეობს შავი ზღვა ცენტრალურ-ამიერკავკასიის ტერეინის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში და გაშიშვლებულია კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე სვანეთის ფარგლებში, მდ. ენგურის და მდ. ცხენისწყლის ხეობებში. იგი აგებულია 1800-2000 მეტრის სიმძლავრის, მწვანე ფიქლების ყველაზე დაბალტემპერატურულ პირობებში გარდაქმნილი, უპირატესად ტერიგენული ნალექებით - ქვიშაქვებით, გრაველიტებით, არგილიტებით, ნახშირიანი თიხაფიქლებით, სილიციტებით, ტუფოქვიშაქვებით, ვულკანიტებით, კირქვებისა და მარმარილოს ლინზებით, გრაფიტიზირებული ფილიტებით, ფილიტისებრი ფიქლებით და ნაირგვარი რქაულებით. სერიაში განვითარებულია შუა იურული (ბათური) ასაკის ინტრუზივები: პიროქსენიტი, გაბრო, გაბრო-დიორიტი, დიორიტი, სიენიტ-დიორიტი, მონცოდიორიტი, კვარციანი დიორიტი და გრანიტი. კარტირებულია ამ ინტრუზივთა ათი გამოსავალი, რომელთა შორის ყველაზე მძლავრი კირარის, აბაკურის და სოფ. დიზის მიდამოების მრავალფაზიანი ინტრუზივებია. ამ ინტრუზიული სხეულების ზემოქმედებით დიზის სერიის ქანებს განცდილი აქვს კონტაქტური მეტამორფიზმი. K-Ar მეთოდით დათარიღებული დიზის სერიის მაგმატიტების ასაკი 176-165 Ma ფარგლებშია [11], რაც ადასტურებს ინტრუზივთა ჩამოყალიბებას დანაოჭების ბათური ოროფაზის გამოვლინების დროს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მაგმატიტები დიდი ხანია მრავალი მკვლევარის შესწავლის საგანს წარმოიდგენს, მთელი რიგი პეტრო-მინერალოგიური საკითხი დაზუსტებას მოითხოვს. მათი გეოქომიური შესწავლა პრაქტიკულად არ ჩატარებულა: განსაზღვრული არ არის იშვიათი და იშვიათმიწა ელემენტების შემცველობა და მათი განაწილების კანონზომიერებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი პეტროგენური დასკვნებისთვის. ჩვენს მიერ ჩატარებულია ზემოთ აღნიშნული ინტრუზივების კომპლექსური შესწავლა. კერძოდ, დაზუსტდა ინტრუზივთა კონტურები, აღწერილია 150-ზე მეტი გამჭვირვალე შლიფი, შესწავლილია ინტრუზივთა კონტაქტური ზემოქმედება შემცველ ქანებზე, ჩატარებულია ინტრუზივების 33 დამახასიათებელი ნიმუშის (პიროქსენიტი, დიორიტი, სიენიტი, მონცონიტი, გრანიტი) რენტგენოფლუორესცენტული ანალიზი. პეტროგენული კომპონენტების შემცველობის დიაგრამის [43] მიხედვით დადგინდა რომ სოფ. დიზის მიდამოების ინტრუზივების ძირითადი ნაწილი სიენიტური შედგენილობისაა. დიორიტებს და მონცონიტების კი შეზღუდული გავრცელება ახასიათებს და ძირითადად სიენიტური ინტრუზიების პერიფერიულ ნაწილში დგინდება. K2O/SiO2 დიაგრამაზე [35] სოფ. დიზის მიდამოების, კირარის და აბაკურის ინტრუზივების ამგები ქანების ფიგურული წერტილების ძირითადი ნაწილი განლაგდა – ბანაკიტების და მაღალი კალიუმიანი ანდეზიტების, იშვიათად – მაღალკალიუმიან დაციტებისა და შოშონიტების ველში. აბაკურის და კირარის ინტრუზივების ფუძე შედგენილობის ქანების წერტილები განლაგდა ბაზალტების და დაბალ კალიუმიანი ბაზალტების ველში. P2O5% / Zr ppm დიაგრამაზე [36], ინტრუზივების ფიგურული წერტილების ძირითადი ნაწილი (80%-ზე მეტი) განლაგდა ტოლეიტური ბაზალტების ველში. Na2O+K2O% / SiO2 დიაგრამაზე [40] წერტილების ნახევარი განლაგდა ტუტე, მეორე ნახევარი კი სუბ-ტუტე ველში. ფუძე შედგენილობის ქანები ნაკლებად ტუტიანია. ტუტეების რაოდენობა მატულობს ქანის სიმჟავიანობასთან ერთად. კირარის ინტრუზივის ამგები ქანების ფიგურული წერტილები თანაბრად განლაგდა ტუტე და სუბ-ტუტე ველში. აბაკურის ინტრუზივის ამგები ქანების წერტილებში შეინიშნება სუბ-ტუტიანობისკენ გადახრა. AFM დიაგრამაზე [40] სოფ. დიზის მიდამოების დიორიტების, სიენიტებისა და მონცონიტების ყველა წერტილი განლაგდა კირ-ტუტე ველში. კირარის ინტრუზივის წარმონაქმნები უფრო კირ-ტუტე შედგენილობისაა, თუმცა აღინიშნება ტელეიტური სახესხვაობებიც. აბაკურის ინტრუზივის წარმონაქმნები კირ-ტუტე, ასევე ტელეიტური შედგელობისაა. იშვიათი და იშვიათმიწა ელემენტების გამოყენებით აგებულია ტექტონიკური საინტერპრეტაციო დისკრიმინაციული დიაგრამები [45], რის შედეგად დადგინდა, რომ დიზის სერიის სიენიტ-დიორიტული შედგენილობის ინტრუზივები მიეკუთვნება კონტინენტური და ვულკანური რკალების და სინკოლიზიურ გრანიტოიდების ჯგუფს.


მიმაგრებული ფაილები:

დიზის სერიის ბათური ინტრუზივების პეტროლოგია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com