ავტორიზაცია
კირარი–აბაკურის მადნიანი კვანძის ოქროს გამოვლინებები და მათი გენეზისი
ავტორი: გიორგი ხარაზიშვილისაკვანძო სიტყვები: სვანეთი, მონცოდიორიტი, კვარცი, საბადო
ანოტაცია:
საქართველოს ტერიტორია ინარჩუნებს ოქროს საბადოების აღმოჩენის პოტენციურ შესაძლებლობას და ეს, პირველ რიგში, სვანეთის ქედზე, მის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, კირარ-აბაკურის მადნიანი კვანძის ფარგლებშია. აქ ცნობილია მადანგამოვლინებები, რომლებიც თავისი გეოლოგიური, მინერალოგიური და გეოქიმიური თავისებურებებით მიეკუთვნება ოქრო-კვარც- მცირესულფიდურ საბადოთა საწარმოო ტიპს. აქ შუაიურული ასაკის მონცოდიორიტების სხეულის ენდოკონტაქტში განლაგებულია ოქროსმატარებელი კვარცის ძარღვები. მონცოდიორიტები კვეთს ე.წ. ;“დიზის სერიის“ დანალექ ქანებს. დანალექი ქანებისათვის დამახასიათებელია ძლიერი აშლილობა, მილონიტიზირებული და დანაოჭებული ზონების არსებობა. სწორედ მათშია დაფიქსირებული კვარც-სერიციტ- ქლორიტიანი მეტასომატიტები და სულფიდების ჩანაწინწკლები. უშუალოდ ლუხრას ინტრუზივის კონტაქტურ ზონაში დაფიქსირებულია კვარც-ბიოტიტიანი და კვარც-ბიოტიტიან- ანდალუზიტიანი ასოციაციები. ლუხრას ინტრუზივის აპიკალურ ნაწილში აღმოჩენილია სამი ოქროსშემცველი ზონა, მათგან ერთ-ერთში (მთავარ ზონაში რომლის სიმძლავრეც 14 მ- ია), ოქროს შემცველობა აღწევს 8.89გ/ტ და 7.48 გ/ტ-ს. სერგო კეკელიას და მარენ კეკელიას წარმოდგენით, ოქროს გადანაწილება, მისი კონცენტრირება ფოროვან წყლებში და სულფიდურ მინერალებში მოხდა მეტაგენეზისის სტადიაზე. შემდგომ, მანტიური პლუმების ზეგავლენის შედეგად (როგორც ჩანს მონცოდიორიტები პლუმების დერივატებია), ოქროსშემცველი გარემო მაგმურ სისტემად ჩამოყალიბდა. ფლუიდებით გაჯერებული მაგმური მდნარი გადანაცვლებოდა დედამიწის ქერქის ზედა დონეებზე, სადაც წნევის და ტემპერატურის ვარდნის შედეგად ხდებოდა კაჟმიწიანი ორთქლ-გაზოვანი მობილიზატის გამოყოფა. აღნიშნული მობილიზატის და მეტამორფოგენული წყლების ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდებოდა ჰიდროსისტემა. დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, შუა- ზედაიურულში, ჰიდროსისტემიდან გამოიყოფოდა კაჟიანი გელი და ოქროსშემცველი სულფიდები.
მიმაგრებული ფაილები:
კირარი–აბაკურის მადნიანი კვანძის ოქროს გამოვლინებები და მათი გენეზისი [ka]