ავტორიზაცია
აზოტის ოქსიდების კონცენტრაცია ქ. თბილისის ატმოსფერულ ჰაერში
ავტორი: ანა ჩოხელისაკვანძო სიტყვები: აზოტის მონოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, ტროპოსფერო, სმოგი, ქემილუმინესცენცია.
ანოტაცია:
წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კვლევა და მონიტორინგი. ატმოსფერული ჰაერისა და გამონაბოლქვი აირების ანალიზი თბილისის ტერიტორიაზე. აზოტის ოქსიდების კონცენტრაციის განსაზღვრა ქ. თბილისის ატმოსფერულ ჰაერში. უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს ჰაერის დაბინძურება და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიოსფეროს სხვა კომპონენტებს შორის და მისი მნიშვნელობა დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის შეუფასებელია. ე.წ. ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემა მთელ მსოფლიოში. ტექნიკური პროგრესის შესაბამისად მავნე გამონაბოლქვთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება და ცალკეულ კომპონენტთა კონცენტრაციები ბევრად აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ატმოსფეროში დამაბინძურებლების, როგორიცაა: აზოტის ოქსიდების (NOX), მტვრის მცირე ზომის ნაწილაკების, ორგანული ნაერთების და ა.შ. დასაშვებზე მაღალი კონცენტრაციები უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და მატერიალურ ფასეულობებზე. იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს, მათ შორის კიბოს, ანადგურებს ეკოსისტემებს, გავლენას ახდენს კლიმატზე, უარყოფითად ზემოქმედებს ოზონის შრეზე და იწვევს სათბურის ეფექტს. საქართველოში ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ავტოტრანსპორტთან, ენერგეტიკულ სექტორთან, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის დარგებთან. მათგან ძირითადი დამაბინძურებელია ავტოტრანსპორტი და ენერგეტიკა. სამრეწველო სექტორიდან ატმოსფეროში ძირითადად მტვერი, CO, CO2 და აზოტისა ოქსიდები გაიფრქვევა. ამდენად, ჩვენი კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის შეფასება. კერძოდ კი აზოტის ოქსიდების კონცენტრაციების განსაზღვრა და მათი მონიტორინგი თბილისის ატმოსფერულ ჰაერში. საბაკალავრო ნაშრომი შესრულდა SMART|AtmoSim_LAB-ის ბაზაზე. აღნიშნული ლაბორატორია თბილისში ჰაერის დაბინძურებას იკვლევს.