ka | en
Company Slogan TODO

სხვადასხვა წლის საფერავის მოსავლის ღვინის ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა და შედარებითი ანალიზი

ავტორი: ნინო გერსამია
საკვანძო სიტყვები: საფერავი, ღვინო, პოლიფენოლური ნაერთები, ფლავონოიდები, ანტიოქსიდანტური აქტივობა
ანოტაცია:

ღვინის დადებითი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფენოლური ნაერთების შემცველობაზე, რომლებსაც ახასიათებთ ძლიერი ანტიოქსიდანტური აქტივობა. ყურძნის ფენოლური ნაერთები და მათი გარდაქმნის პროდუქტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვინის დამზადება-შენახვის ყველა ეტაპზე მიმდინარე რთულ ბიოქიმიურ პროცესებში და უშუალო გავლენას ახდენენ ღვინის გემოზე, ბუკეტზე, ფერზე, გამჭვირვალობაზე, სტაბილურობაზე. ფენოლური ნაერთების შემცველობით განსაკუთებით გამორჩეულია წითელი ღვინოები, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ქართული საფერავი. საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილია ფასით და ხარისხით განსხვავებული საფერავის ღვინის ფართო არჩევანი. ფასის ფორმირებაში კი არ არის გათვალისწინებული წითელი ღვინის სამკურნალო, პროფილაქტიკური ან სხვა მსგავსი ტიპის სასრგებლო - ფუნქციური თვისებები, მათ შორის ანტიოქსიდანტური აქტივობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღვინოში ფენოლური ნაერთების კონცენტრაცია და კომპოზიცია დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე, კლიმატურ პირობებზე, ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაზე და სხვ. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე კვლევის მიზანი იყო განსხვავებული ფასისა და სხვადასხვა წლის საფერავის მოსავლის ღვინის ანტიოქსიდატური აქტივობის შესწავლა და შედარებითი ანალიზი. კვლევა მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად. საწყის ეტაპზე კვლევისათვის შეირჩა ერთი და იმავე ვენახის სხვადასხვა წლის მოსავლის ღვინო, კერძოდ მეღვინეობა ხარებას მიერ 2012, 2013, 2014, 2015 და 2016 წლის მოსავლისაგან ევროპული წესით დაყენებული წითელი მშრალი საფერავი. შემდგომ ეტაპზე ვსაზღვრავდით ანტიოქსიდანტური თვისებების განმაპირობებელი ნაერთების საერთო რაოდენობასა და ფლავონოიდების რაოდენობას, როგორც უშუალოდ ღვინოში, ასევე ღვინიდან ფხვნილის სახით მიღებულ ფლავონოიდთა ფრაქციაში, რომლის ექსტრაქციაც განვახორციელეთ ეთილაცეტატით სამჯერადი გამოწვლილვის მეთოდით. საერთო ფენოლების რაოდენობას ვსაზღვრავდით ფოლინის რეაგენტის გამოყენებით, ხოლო ფლავონოიდების რაოდენობას ვადგენდით კლასიკური მეთოდით - ალუმინის ქლორიდის გამოყენებით. მომდევნო ეტაპზე კი შევისწავლეთ ფლავონოიდური ექსტრაქტის ანტიოქსიდანტური აქტივობა წყალბადის ზეჟანგით ინდუცირებულ ლუმინოლის ქემილუმინისცენციაზე in vitro პირობებში. შედეგების სტატისტიკურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ სხვადასხვა წლის მოსავლის საფერავისაგან დაყენებული ღვინოები და მათგან ექსტრაგირებული ფლავონოიდების ფრაქციები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ფენოლური ნაერთებისა და ფლავონოიდების შემცველობით, შესაბამისად ავლენენ განსხვავებულ ანტიოქსიდანტურ აქტივობას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com