ავტორიზაცია
ბის-აზო საღებავის ფოტოელექტროქიმიური თვისებების შესწავლა
ავტორი: გივი ქადაგიშვილითანაავტორები: ელენე ივანიაშვილი, თინათინ ბუკია
საკვანძო სიტყვები: მეზოფორული, ინდიუმ-კალის ოქსიდი
ანოტაცია:
ტრადიციული ენერგორესურსების ამოწურვისა და კლიმატური მდგომარეობის ცვლილების ფონზე, ალტერნატიული, გარემოსადმი უვნებელი მზის ენერგიის ეფექტიან გამოყენებაზე დაფუძნებული ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის საღებავით სენსიტირებული (მგრძნობელობა გაზრდილი) სისტემების განვითარების მოთხოვნილება ინტენსიურად იზრდება. ამგვარი სისტემა, უკვე ფართოდ გავრცელებული მზის ელემენტების (მზის პანელები) ეკონომიურ ალტერნატივას წარმოადგენს და მათი ოპტიმიზაციის ერთერთი ხერხი არის მასენსიტირებელი პიგმენტის სწორი შერჩევით მიღებული ფოტოდენის გაზრდა. წარმოდგენილ სამუშაოს ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ 2,3,3-ტრიმეთილ ინდოლენინის საფუძველზე სინთეზირებული, 1,2-ბის(2,3,3-ტრიმეთილინდოლინ-5-ილ)დიაზოს ბის-აზო საღებავის ფოტოელექტროქიმიური აქტიურობა. აღნიშნული ნაერთი (საღებავი) მივიღეთ 2,3,3-ტრიმეთილ-3H-ინდოლენინის ნიტრირებით და NaBH4 -ის გამოყენებით წარმოქმნილი ნიტრო ნაერთის აღდგენით. საღებავი დავაფინეთ ინდიუმ-კალის ოქსიდის (ITO) მინაზე აგებულ მეზოფორულ ზედაპირზე. მეზოფორული სტრუქტურა ავაგეთ ITO-ს საგანგებოდ გაწმენდილ წედაპირზე ინდიუმ-კალის ოქსიდის ნანონაწილაკებისა და პოლისტერინის ნანობურთულების სუსპენზის სპინური დაფენით და მიღებული ფენის შემდგომი გამოწვით. მიღებული კომპოზიტის (ITO/მეზო ITO/საღებავი) ელექტროქიმიური ქცევა გამოვიკვლიეთ ციკლური ვოლტამპერომეტრიით, ხოლო მისის ფოტოელექტროქიმიური აქტიურობა შევისწავლეთ სხვადასხვა სიმძლავრის ხილული სინათლის შემთხვევაში და კომპოზიტზე მოდებული სხვადასხვა პოტენციალის პირობებში. გაზომვები ჩატარდა Zahner Photoelectrochemical workstation-ის ხელსაწყოზე. მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ITO-ს მეზოფორული ზედაპირი ზრდის სისტემის ეფექტიანობას. იგი ასევე რეაგირებს სინათლის ინტენსივობის მომატებაზე, რის შედეგად იზრდება აღქმული ფოტოსიგნალი. სისტემაზე მოდებული პოტენციალის ცვლილება გავლენას ახდენს სისტემის ფოტოელექტროქიმიურ გამოძახილზე.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია [ka]