ავტორიზაცია
γδ T უჯრედების როლის შეფასება სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების იმუნოპათოგენეზში
ავტორი: ნათელა მელიქიძესაკვანძო სიტყვები: სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები, ბრონქული ასთმა, γδ T უჯრედები, Vδ1/Vδ2 T ქვეპოპულაციები, IL-17, CD69
ანოტაცია:
ალერგიას ხშირად ჩვენი საუკუნის დაავადებად მოიხსენიებენ და არცთუ უმიზეზოდ, თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო მოსახლეობის 10-30% სხვადასხვა სახის ალერგიული დაავადებით იტანჯება და ამასთან ერთად დაავადებულთა რაოდენობას სწრაფი ზრდის ტენდენცია ახასიათებს. თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტუალურია სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები, როგორიცაა: ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, პოლინოზი და ა.შ 2014 წელს საქართველოში რეგისტრირებულია ასთმისა და ასთმური სტატუსის 10 589 შემთხვევა (პრევალენტობა 284.1), მათ შორის დაფიქსირებულია 3137 ახალი შემთხვევა (ინციდენტობა-84.2). დაავადების პრევალენტობის მაჩვენებელი გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, ამას ემატება დაავადების არარეგისტრირებული შემთხვევებიც, რასაც საბოლოო ჯამში საკმაოდ სოლიდურ რიცხვებთან მივყავართ. სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების იმუნოპათოგენეზში მონაწილე იმუნურ კომპონენტებს შორის ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში γδ T უჯრედები მოექცა. უჯრედთა ეს პოპულაცია თავდაპირველად აღწერილი იქნა 1980-იან წლებში და მას შემდეგ ეს უჯრედები მათი როლითა და მახასიათებლებით მუდმივი ინტერესის საგანს წარმოადგენენ. γδ T უჯრედების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში T უჯრედული პოპულაციის 5-10%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ეპითელურ და ლორწოვან გარსებში მათი რაოდენობა 25-50%-მდეც კი აღწევს. აღნიშნულ ქსოვილებში γδ T უჯრედების სიმრავლე ხაზგასმით მიგვითითებს მათ მნიშვნელოვან როლზე ეპითელური და მუკოზური იმუნიტეტის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. გამომდინარე აქედან დღითიდღე იზრდება კონსენსუსი იმის შესახებ, რომ γδ T უჯრედებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი ფუნქცია სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების იმუნოპათოგენეზში. γδ T უჯრედების მიერ პროდუცირებულ ციტოკინებს შორის სხვა მედიტორებთან ერთად მნიშვნელოვანია IL-17-ის როლი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ასთმის მქონე პაციენტების ფილტვებში, შრატში, ამონახველსა და ბრონქოალვეოლურ სითხეში (BALF) აღინიშნება ილ-17-ის მომატებული რაოდენობა, ხოლო ასთმის სიმძიმე გარკვეულწილად კორელირებს სწორედ აღნიშნულ ბიოლოგიურ სითხეებში ილ-17-ის დონესთან. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა γδ T უჯრედების დახასიათება და მათი როლის შესწავლა ახლადდიაგნოზირებულ, არანამკურნალებ ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. პარამეტრები, რომლებიც შევარჩიეთ აღნიშნული კვლევის განხორციელებისთვის საშუალება მოგვცა როგორც ბრონქული ასთმის მქონე, ასევე ჯანმრთელ ცდისპირებში განგვესაზღვრა γδ T უჯრედების ქვეტიპების აქტივაცია CD69 მარკერის საშუალებით და Il-17-ის წარმოქმნის ინტენსივობა γδ T უჯრედების ქვეტიპებში.