ავტორიზაცია
უროგენიტალური მიკოპლაზმოზების ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესწავლა საქართველოს პოპულაციაში
ავტორი: თეონა ბირკაიასაკვანძო სიტყვები: მიკოპლაზმოზი, უროგენიტალური ინფექციები, ანტიბიოტიკორეზისტენტობა
ანოტაცია:
ანტიმიკრობული რეზისტენტობა გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, ის გამოცხადებულია საერთაშორისო პანდემიად და ინფექციური დაავადებების წარუმატებელი მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად გვევლინება. აღიარებულია, რომ ამჟამად ეს პროცესი უმართავია. რეზისტენტული მიკროორგანიზმებით გამოწვეულ დაავადებებს შორის, ერთ-ერთი აქტუალურია უროგენიტალური მიკოპლაზმებით გამოწვეული ინფექციები. ისინი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა ჯგუფს განეკუთვნებიან და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ როგორც თავიანთი გავრცელების სიხშირით, ისე იმ მრავალფეროვანი გართულებებით, რაც ამ ინფექციასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად შემაშფოთებელი სტატისტიკისა (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციების 17,8% ზრდა 2008-2016წწ) დღესდღეობით არ არსებობს საბაზისო მონაცემები მიკოპლაზმებით გამოწვეული ინფექციების აღრიცხვიანობასთან და მით უფრო ამ ინფექციების გამომწვევი პათოგენების ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობა/მდგრადობის შესახებ საქართველოში, რაც ართულებს კლინიკური შემთხვევების მართვას და თერაპიის გამოსავლიანობის პროგნოზირებას. ცნობილია, რომ მიკოპლაზმები თავიანთი უნიკალური ორგანიზაციის წყალობით მდგრადნი არიან სხვადასხვა ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი, ამავდროულად აქვთ მუტირების ბევრად მაღალი უნარი, ვიდრე სხვა მიკროორგანიზმებს, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ჩამოყალიბებას. ქართველი მკვლევარების მონაცემებით საქართველოში ანტიბიოტიკების უმიზნო და არასწორი გამოყენება ძალზედ ხშირია, რაც ართულებს არსებულ მდგომარეობას. ამიტომაც რეკომენდებულია ანტიბიოტიკორეზისტენტობის დეტალური შესწავლა და ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება ამ კუთხით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არ არსებობს მონაცემები საქართველოში უროგენიტალური მიკოპლაზმების და მითუმეტეს რეზისტენტული ფორმების გავრცელების შესახებ, კვლევის ძირითადი მიზანია იდენტიფიცირდეს საქართველოს რეპროდუქციული ასაკის პოპულაციაში უროგენიტალური მიკოპლაზმების გამომწვევები, მოხდეს გავრცელებული რეზისტენტული ფორმების გამოვლენა და დადგინდეს ანტიმიკრობული პრეპარატების ის ჯგუფები, რომელთა მიმართაც საქართველოში გავრცელებული მიკოპლაზმები გამორჩეულად რეზისტენტულები არიან. ცხადია, რომ ამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, აღნიშნულ კვლევას აქვს როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა, ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული შედეგების საფუძველზე შემუშავდება პრაქტიკული რეკომენდაციები პირველადი ჯანდაცვის სისტემაში რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის შერჩევის შესახებ. ამ თვალსაზრისით ნაშრომი იქნება სასარგებლო წყარო უროგენიტალური მიკოპლაზმოზების თავისებურების შესახებ საქართველოს მოსახლეობაში, ამ ინფორმაციის საფუძველზეა შესაძლებელი თერაპიული და პრევენციული საშუალებების სწორი შერჩევა/შემუშავება.