ავტორიზაცია
მიტომიცინით ინდუცირებული გენომის დარღვევების კორექცია პეპტიდური ბიორეგულატორის ზემოქმედებით
ავტორი: გიორგი ჭითაშვილიანოტაცია:
ეუკარიოტთა უჯრედებზე ფიზიკური თუ ქიმიური ბუნების აგენტებით მიზანმიმართული ზემოქმედება გენომური პარამეტრების ადექვატურ ცვალებადობაში აისახება, რაც გენეტიკური აპარატის ფუნქციონირების კანონზომიერებებში გარკვევის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. გენომის ინდუცირებული დარღვევების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვეობის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებითაც - მუტაგენური აგენტებით გარემოს მზარდი დაბინძურების პირობებში. ამ ჭრილში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გენომის დარღვევების კორექციის გზების ძიება, რაც მუტაციური პროცესის მართვის შეაძლებლობებს დასახავდა და, ამდენად, სამაგისტრო თემის აქტუალობის განმსაზღვრელია. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მუტაგენური ეფექტის მქონე მაალკილირებელი ნაერთით - მიტომიცინ C-ს ზემოქმედებით განპირობებული გენომის ფუნქციური პარამეტრების ცვალებადობის კორექციის შესაძლებლობის დადგენა გერიატრიულ პრაქტიკაში ხმარებული ქრომატინის მამოდიფიცირებელი ეფექტის მქონე პეპტიდური ბიორეგულატორის - ეპიტალონის (Ala-Glu-Asp-Glu) გამოყენებით. დასახული იყო ამოცანები: უჯრედებზე მიტომიცინის განსხვავებული კონცენტრაციის ხსნარებითა და განსხვავებული ხანგრძლივობით ზემოქმედების პირობებში: - 1.გენომის არასტაბილურობის დონის შეფასება ქრომოსომათა სტრუქტურულ-რაოდენობრივი მაჩვენებლების ცვალებადობის განსაზღვრის გზით; 2. უჯრედის ცილა-მასინთეზირებელი აპარატის აქტივობის განსაზღვრა ქრომოსომათა აქტიური ბირთვაკმაორგანიზებელი რაიონებისა და თანამგზავრული ასოციაციების აღრიცხვის გზით; 3. ეპიტალონის გავლენის შესწავლა აღნიშნული პარამეტრების ცვალებადობაზე. საკვლევ მასალად გამოიყენებოდა 20-25 წლის ასაკის ჯანმრთელ ინდივიდთა ლიმფოციტური კულტურების უჯრედები. ტესტირებული იყო მიტომიცინის სამი კონცენტრაციის ხსნარი: 0,125 მკგ/მლ; 0,05 მკგ/მლ და 0,025 მკგ/მლ. მიტომიცინით ზემოქმედების ხანგრძლივობა შეადგენდა 24 და 48 საათს. ეპიტალონი გამოიცდებოდა ერთჯერადი თერაპიული დოზის შესაბამისი კონცენტრაციით. აქტიურ ბირთვაკის ორგანიზატორთა დეტექციისათვის გამოიყენებოდა პერიფერიული სისხლის ლიმფოციტური კულტურებიდან მიღებული ქრომოსომული პრეპარატების ვერცხლით იმპრეგნაციის მეთოდი. მიღებული შედეგების ანალიზით დადგინდა. რომ მიტომიცინი ქრომოსომათა დარღვევების ინდუქციის თვალსაზრისით დოზა-დამოკიდებული მოქმედებით ხასიათდება - მისი დამაზიანებელი ეფექტი იზრდება კონცენტრაციის ზრდის შესაბამისად, რაც თანაბრად სამართლიანია აგენტის განსხვავებული ექსპოზიციით გამოყენებისას. საინტერესო აღმოჩნდა ქრომოსომათა სტრუქტურული დარღვევების ერთ-ერთი ფორმის - ფრაგილური საიტების ექსპრესიის შედეგების ანალიზი. აღმოჩნდა, რომ ქრომოსომათა დაზიანების ამ ტიპის მაღალი სიხშირით გამოვლენა ძირითადად მიტომიცინით ხანმოკლე, მხოლოდ ერთი უჯრედული ციკლის განმავლობაში, ზემოქმედების პირობებში ხდება. ეპიტალონის მამოდიფიცირებელი ეფექტი მის მაკორეგირებელ - პროტექტორულ მოქმედებაში აისახა, ცდის ყველა ვარიანტში იგი შეცვლილი პარამეტრების ნორმასთან დაახლოებას განაპირობებდა. რაც შეეხება მიტომიცინის გავლენას აქტიურ ბირთვაკის ორგანიზატორთა სიხშირეზე, აღმოჩნდა, რომ იგი სარწმუნოდ აქვეითებდა ინტაქტური კულტურებისათვის დაფიქსირებულ მაჩვენებელს და, შესაბამისად, უჯრედებში სინთეზური პროცესების მიმდინარეობის ინტენსივობას. ეპიტალონმა გამოავლინა ამ პარამეტრის კორექციის სპეციფიკური უნარი - ზრდიდა აქტიური ბირთვაკის ორგანიზატორთა მოვერცხლილი ბლოკების სიხშირეს მხოლოდ მიტომიცინის მინიმალური კონცენტრაციის ხსნარით ზემოქმედებისას და, ამდენად, ხელს უწყობდა სინთეზური პროცესების ინტენსივობის მაჩვენებელის დაახლოებას ნორმასთან. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევები წარმოდგენილი მიმართულებით საქართველოში არ ჩატარებულა და მიღებული შედეგები ორიგინალურია. იმის გათვალისწინებით, რომ მიტომიცინი ანტისიმსივნურ თერაპიაში ფართოდ გამოყენებული პრეპარატია, და როგორც ყველა ამ ტიპის პრეპარატი, ხასიათდება ზოგადი დამაზიანებელი და იმუნოდეპრესანტული მოქმედებით, მიღებული შედეგები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ეპიტალონის, როგორც პროტექტორული საშუალების რეკომენდირება მიტომიცინით მკურნალობის სქემაში ჩასართავად.