ავტორიზაცია
მიკროორგანიზმების მიერ ბროილერის ჯიშის ქათმის ექსკრემენტებში არსებული რეკომბინანტული დნმ-ის დეგრადაციის შესწავლა
ავტორი: ქეთევან სილაგავასაკვანძო სიტყვები: გენმოდიფიცირებული ორგანიზმები (GMO), გენთა ჰორიზონტალური ტრანსფერი, დნმ-ის დეგრადაცია
ანოტაცია:
საქართველოს კანონმდებლობის განმარტებით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმი არის სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიური) მეთოდების გამოყენებით, რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ (ინ ვიტრო) პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გადაილახოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი; ამავე დროს, ისინი არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს. გმო ორგანიზმები ფართოდ გამოიყენება საკვების სახით, როგორც ადამიანებში ასევე ცხოველებში. საქართველოში შემოტანილი ფრინველის საკვების 90%-ზე მეტი იმპორტირებულია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აწარმოებენ გმო-ს და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია გმო ფრინველის საკვებით. საქართველოში ექსპერიმენტული მონაცემები მიკროორგანიზმების მიერ დნმ-ის დეგრადაციასთან დაკავშირებით საკმაოდ მცირეა, ამიტომაც უცნობია დეგრადირდება თუ არა ბროილერის ჯიშის ქათმის ექსკრემენტებში არსებული რეკომბინანტული დნმ მიკროორგანიზმების მიერ. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არანაირად არ არეგულირებს ცხოველის გმო საკვების გადამუშავების შედგომ არსებული ნარჩენების მართვას, ამ ნარჩენების უკონტროლო გაბნევა გარემოში წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს გენთა ჰორიზონტალური ტრანსფერისა, ამიტომაც დავინტერესდით, მიმდინარეობს თუ არა გენთა ჰორიზონტალური ტრანსფერი და ხდება თუ არა რეკომბინანტული დნმ-ის დეგრადაცია. ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა ბროილერის ჯიშის ქათმები, ფრინველთა საკვები და ექსკრემენტები. ბროილერის ჯიშის წიწილები დავყავით ორ ჯგუფად: საკონტროლო და საცდელ ჯგუფებად. მას შემდეგ რაც საკვლევმა ობიექტებმა მიაღწიეს სარეალიზაციო მოცულობას, მათგან მოვახდინეთ ექსკრემენტების შეგროვება. ექსკემენტები შეგროვებულ იქნა როგორც ჩვენი წიწილების საცდელი და საკონტროლო ჯგუფებიდან, ასევე უშუალოდ ფრინველთა ფერმიდანაც. ფრინველთა ფერმასთან სიახლოვეში მყოფი ნიადაგიდან ასეპტიკურ პირობებში გამოვყავით მიკროორგანიზმები და მოვახდინეთ დომინანტური მიკრობული შტამების კულტივირება როგორც გმო სოიოს შემცველ საკვებ არეზე, ასევე საცდელი ჯგუფის ექსკრემენტების შემცველ საკვებ არეზე და მიღებული ბაქტერიების გმო ნარჩენებთან კულტივირების შემდგომ მოვახდინეთ რეკომბინანტული დნმ-ის დეგრადაციის ხარისხის შესწავლა და შესაძლო გენთა ჰორიზონტალური ტრანსფერის გამოვლენა. გმო-ს დეტექციისთვის გამოვიყენეთ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი. ექსკრემენტები და ფრინველთა საკვები, ასევე მიკროორგანიზმებისათვის განკუთვნილი თხევადი საკვები არე გამოვიკვლიეთ რეკომბინანტული დნმ-ს ნუკლეოტიდური თანმიმდევრობისა( P’35S და T’NOS) და მცენარეული გენომის PSII-ის შემცველობაზე. ბროილერის ჯიშის ქათმის ექსკრემენტებიდან გამოყოფილი რეკომბინანტული დნმ-ს ანალიზით დადგინდა, რომ ფრინველის ორგანიზმში არ ხდება აღნიშნული მოლეკულის სრული დეგრადაცია, კერძოდ, საწყისი მოლეკულის მარკერული უბნისგან განსხვავებით, უცვლელი რჩება რეკომბინანტული დნმ-ის გენური კონსტრუქციის თანამიმდევრობა. ჩვენი კვლევის შედეგად შემუშავდა in vitro სისტემაში ნიადაგის ბუნებრივი ბაქტერიული შტამებით რეკომბინანტული დნმ-ის დეგრადაციის ხარისხის შეფასების ახალი მიდგომა და დავადგინეთ, რომ ნიადაგიდან გამოყოფილი ბუნებრივ ბაქტერიულ შტამებს in vitro სისტემაში 72 სთ-ის განმავლობაში არ გააჩნიათ რეკომბინანტული დნმ-ის გენური კონსტრუქციის სრული დეგრადაციის უნარი.